16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ქოლცენტრების საქმე - ევროპელი პენსიონერების მძარცველთა წრე გაფართოვდა, ძველ საქმეზე ახალი ფიგურანტები დააკავეს

ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულთა წრე გამოძიების პროცესში ახალი მტკიცებულებების, გარემოებებისა და ახალი გვარების გამოვლენის შემდეგ გაფართოვდა. საუბარია იმ ჯგუფზე, რომლის 7 წევრი, მრავალმილიონიანი თაღლითობის ბრალდებით, ჯერ კიდევ თებერვალში დააკავეს, რამდენიმე დღის წინ კი, ამავე საქმეზე, ბრალი კიდევ 4 პირს წარუდგინეს.

ერთ-ერთი ქოლცენტრი, საიდანაც ევროპელ პენსიონერებს თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძარცვავდნენ, მიცკევიჩის ქუჩაზე, ბიზნესცენტრში იყო განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარეების ნაწილი ადგილზე სამართალდამცველების ყოფნას ადასტურებს, ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებებს უარყოფს.

გამოძიების ინფორმაციით, თაღლითური ქოლცენტრი თვეების განმავლობაში ფუნქციონირებდა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობაშიც. დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს კომერციული ფართი დაკეტილი დახვდა. რამდენიმე დღის წინ დაკავებული ოთხი პირიდან ორი აქ, სავარაუდოდ, ოპერატორად იყო დასაქმებული, ერთი აიტი სპეციალისტად, მეოთხე კი მძღოლად და დაცვის თანამშრომლად იყო გაფორმებული. ყველა დაკავებული ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს.

"კურიერის" ინფორმაციით, უკვე დაკავებული პირების გარდა, მრავალტომიან საქმეში ნახსენებია კიდევ ერთი პირი. წყარო გვიყვება, რომ ზაალ, იგივე ზაკო წერეთელი ქოლცენტრების ქსელის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. "რუსთავი 2"-მა გაარკვია, რომ ის რუსეთში იმყოფება და, მოსალოდნელი დაკავების გამო, ქვეყანაში ამ დრომდე არ დაბრუნებულა. უკვე მესამე თვეა, წინასწარ პატიმრობაში რჩება მისი მეუღლე. რამდენიმე დღის წინ კი, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, დააკავეს ზაალ წერეთლის მძღოლიც.

თაღლითური დაჯგუფების ანგარიშზე უკვე ასობით დაზარალებული და მითვისებული მილიონებია. პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში, ყადაღა დაედო ბრალდებულების უძრავ-მოძრავ ქონებას, რომლის საერთო ღირებულება 6 მილიონს აჭარბებს. დღეს საგამოძიებო ორგანოში დეტალურად განმარტეს ისიც, თუ რა სქემით მოქმედებდა ორგანიზებული ჯგუფი.

დაკავებულებს, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები