29 აპრილს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული შეკრება, ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია ინიციატივას ისევ დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, საჯარო მოხელეები იძულებით ჩამოიყვანოს თბილისში.
"ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და გამართოს აქცია. მაგრამ, მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქციას. რაც არ უნდა ძალით, ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ, ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ.
მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, მათ შანტაჟს და დაშინებას უპასუხეთ ძლიერი პასუხით, რომ არ გემორჩილებით და ყველას დაგიდგებით გვერდში", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილმა.
"ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც სჭირდება თავისი ლეგიტიმაციის ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღებისთვის ხალხის ქუჩებში იძულებით გამოყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამ გადაწყვეტილების არჩევნებით მინიჭებული, თავის დროზე ლეგიტიმაცია უკვე შერჩენილი აღარ აქვს", - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.