16 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამბროლაურში მიმდინარეობს

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ დღეს ამბროლაურში გაგრძელდა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დეპუტატები მოსახლეობას კულტურის ცენტრში შეხვდნენ.

ღონისძიება შალვა პაპუაშვილმა გახსნა, მან ისაუბრა კონსტიტუციური კანონის მიღების აუცილებლობაზე, კომისიის წევრებმა კი შეკრებილებს დეტალურად გააცნეს ცვლილებების შინაარსი. ამის შემდეგ, დარბაზში შეკითხვები უკვე მოქალაქეებმა დასვეს.

კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების, ასევე დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, ემატება პუნქტი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. პარალელურად ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, ამასთან მკვეთრად უნდა შეიზღუდოს არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის გავრცელება.

"ერთი მხრივ, უნდა გაიმიჯნოს უფლებების დაცვა. აქ განუხრელი დაცვა არის ჩვენი, სახელმწიფოს ვალდებულება, სახელმწიფო უნდა იყოს ამის გარანტი, ნებისმიერი არატრადიციული ცხოვრების წესის მიუხედავად.

მეორე მხრივ, ამის თავსმოხვევა და პროპაგანდა არის უკიდურესად დამაზიანებელია, განსაკუთრებით, მომავალი თაობისათვის.

დღეს ითქვა ისეთი სიტყვები, რაც ხშირად არ გაგვიმეორებია და უნდა ვთქვათ, ეს არის ქართული სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესი.

ოპოზიციიდან ესწრება მხოლოდ ერთი დეპუტატი. გარეთ ეშინიათ პატრონების და შიგნით ეშინიათ ქართველი ხალხის იმიტომ, რომ ქართველი ხალხი აქ პრაქტიკულად ყველა დეტალზე შეთანხმებულია.

როგორ შეიძლება ქართველი ხალხი შეთანხმებული არ იყოს იმაზე, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის უფლებებიც და ჩვენი შვილები და თაობები არასწორი, ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან, ამიტომ დანარჩენები არ ესწრებიან საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები