კოლექტიური "ნაცმოძრაობისთვის" ადამიანი, საზოგადოება არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასე ხედავდნენ ისინი ადამიანებს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დღესაც ასეთია მათი დამოკიდებულება.
"ეს არ არის მხოლოდ უგულავას განცხადება, ეს არის ზოგადად ამ რადიკალების, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ასე ხედავდნენ ისინი ადამიანებს თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დღესაც ასეთია მათი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს, მათთვის საზოგადოება არაფერს ნიშნავს. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა მიჩვეულები ვართ მათგან ამ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.
29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი უგულავამ. როგორც მან აღნიშნა: "29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ "ალკოჰოლიკებს" რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.