ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო დღის წესრიგში რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით დადგა. ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე შეფასება მკაცრია. საერთო სათქმელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა თქვა. ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ მინისტრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ, პირობის მიუხედავად, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, კვლავ, კენჭისყრაზე დადგა.
პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონი" ევროკავშირის ინტერესებში კონკრეტული მიზეზის გამო არ შედის. შალვა პაპუაშვილის თქმით, მთავარია, ის საქართველოს ინტერესში შედიოდეს.
ლუქსემბურგის შემდეგ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" კრიტიკა ისმოდა სტრასბურგშიც, სადაც ევროპარლამენტარების ნაწილმა საკითხზე ერთობლივი პრესკონფერენცია, პარტიის "ახალი" ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს. საუბრისას არაერთმა დეპუტატმა პირდაპირ თქვა, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ დამტკიცდება, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის იმედი ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს.
უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ჯერ არ მოუსმენია მყარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობამ საქართველოს ევროპული გზა შეაფერხოს, თუ მსგავს კანონს, სხვადასხვა ფორმით, თავად ევროპის ქვეყნებიც მიმართავენ. კრიტიკას დასავლეთიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ის დარწმუნებით ამბობს, რომ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემას არ შექმნის. საამისოდ, კონკრეტული არგუმენტები ისმის.
"ვიღაცას ძალიან არ უნდა ეს კანონი. როდესაც ევროპა აკეთებს ასეთ განცხადებებს, ის ავტომატურად ერთვება დებატებში და კარგი იქნება თუ საჯაროდ განვიხილავთ არგუმენტებს. ეს კანონი საჭიროა იმისთვის, რომ ნაკლებმა პარლამენტარმა ილაპარაკოს სისულელეები. როგორც კანდიდატობა მოგვცეს, ისე გაგვიხსნიან მოლაპარაკებებსაც", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
“უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი” პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, რასაც საერთაშორისო კრიტიკა, ქვეყნის შიგნით კი პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. წინ მეორე მოსმენაა, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიმართება.