ოპოზიციაში ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან. რეზოლუციის ტექსტზე ევროპელი კანონმდებლები უკვე შეჯერდნენ, თუმცა ეს საბოლოო ვარიანტი არ არის. დოკუმენტში წერია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, გადაიხედება ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის და არ გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი. დოკუმენტში აღარ არის საუბარი სანქციებზე. მანამდე კი სტრასბურგში წარდგენილი იყო რეზოლუციის 4 პროექტი. მოთხოვნათა შორის იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, "ქართული ოცნების" წევრებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესება. ამ მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციაც.
"ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ევროპული მომავლის დამაბრკოლებელ სხვა ფაქტორებთან და არაფერი საერთო არ აქვს ამას სააკაშვილის პატიმრობასთან. ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს რუსული კანონი და ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება, რომ ასეთ სახელმწიფოს ევროპაში არაფერი არ ესაქმება. ეს იყო გუშინდელი გზავნილი ევროპარლამენტის," - განაცხადა "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"გირჩში" მთავარ პრობლემად ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ასახელებენ.
"მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ევროპის რეზოლუციების ჩალის ფასობა და რუსული ფრენების უზენაესობა არის პრობლემა, რომელიც აწუხებს საქართველოს ამ წუთას. მე, ზოგადად, არავის სანქცირების მომხრე არ ვარ ამ ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სანქციები საქართველოზეა და ზოგადად, ის, რომ შენი ხელისუფლება სანქცირებულია, კარგს არაფერს არ ნიშნავს ქვეყნისთვის. მე არ მინდა, რომ საქმე აქამდე მივიდეს. პოლიტიკოსების ცუდ ქმედებებზე პოლიციელების დასანქცირებას არ ვემხრობი. ისრების გადატანაა არასათანადო ადგილას," - აღნიშნა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.