რუსთავის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე კიდევ ერთხელ ეხმაურება. საუბარია "ქართული ოცნების" მიერ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებაზე, რომელიც პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრია. "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მისი 2 მოადგილე და კომისიების თავმჯდომარეებიც გადააყენა.
ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ გუნდის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება გაკეთდა.
"დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან დაყენებული იმპიჩმენტი დასრულდა იმ შედეგით, რომ დატოვეს თანამდებობები გარკვეულმა ნაწილმა ოპოზიციური პარტიებიდან. ჩვენ გუნდის მხრიდან იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ხედავდნენ რისკებს - ქალაქის განვითარებას შეშლოდა ხელი ოპოზიციური პარტიების ჩამოუყალიბებლობის გამო. ამასთან ერთად, მათი სამ წლიანი უმოქმედობა, განსაკუთრებით თავმჯდომარის, რომელსაც ხშირად მოვუწოდებდით, რომ მიეღო ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები, გრძელდებოდა დესტრუქცია რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოში. კოალიციურად მუშაობდნენ დღემდე და დღეს ვნახეთ პარტია "საქართველოსთვის" ასევე სამარცხვინო დასასრული თანამდებობებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ არა რუსთაველები უმაგრებდნენ ზურგს, იმ პროტესტში, რომელსაც პროტესტს არქმევდნენ, არამედ რეგიონებიდან ჰყავდათ ჩამოყვანილი როგორც პოლიტიკოსები, ასევე ახალგაზრდები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სამ წლიანი მუშაობის შემდეგაც მათ არ ჰყავთ ადგილობრივად მხარდამჭერი. ეს არის კარგი მაგალითი, როგორი უმოქმედო იყო რუსთავის საკრებულო, რომ რუსთაველებს საერთოდ არ აქვთ არანაირი იმედი, რომ ეს ადამიანები ქალაქის სასიკეთოდ ან მუშაობდნენ ან აწი გააგრძელებენ მუშაობას", - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.