პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდადებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
მსჯავრდადებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.
ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდადებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.