ევროპარლამენტში განვითარებული მოვლენები სახელისუფლებო გუნდისთვის ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტარებს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი ამოძრავებთ და სწორედ ამიტომ ითხოვენ კანონის უკან გაწვევას. შალვა პაპუაშვილის თქმით, სუბიექტური მიზეზები აქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებასაც. ბიძინა ივანიშვილის, უმრავლესობის დეპუტატების, სამართალდამცველების დასანქცირების მოთხოვნა კი პაპუაშვილის აზრით, პოლიციაზე ძალადობის წახალისება და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა.
"ნაციონალური მოძრაობისთვის" სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და პერსონალური სანქციების დაწესებას, ლეგიტიმური საფუძველი აქვს. ექსპრეზიდენტის პარტია გამართლებულად მიიჩნევს სამართალდამცველების დასანქცირებასაც, თუმცა ოპოზიციაში ყველა ასე არ ფიქრობს.
მმართველი პარტიისთვის სანქციებით მუქარა უსამართლო და აბსურდულია. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ რეზოლუცია ვერც ღირებული და ვერც ობიექტური იქნება, რადგან დოკუმენტის ავტორები თავად არიან სუბიექტურები.
ევროპარლამენტში, დებატების დროს გამოთქმული კრიტიკა ოპოზიციისთვის დამატებითი არგუმენტია იმის სათქმელად, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დადგება.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტი გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რაზეც უმრავლესობა დიდი ხანია საუბრობს.
დებატები ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის განხილვის პარალელურად გაიმართა.