გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ის მხარს არ უჭერს, რომ საქართველოს სახელმწიფოს სანქცირება მოხდეს და ამით ქართველი ხალხი დაზარალდეს, თუმცა მხარს უჭერს, რომ კონკრეტულ, სპეციფიკურ პირებს, პერსონიფიცირებული, მასზე მორგებული სანქციები შეეფარდოს.
როგორც გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, სანქციები უნდა შეეფარდოს უმრავლესობის წევრებს და ზურაბ ხარაზიშვილისნაირ ძალოვნებს, რომლებიც რეჟიმებს ემსახურებიან და არა ხალხს.
"მე მხარს არ ვუჭერ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სანქცირება მოხდეს, რომ ქართველი ხალხი დაზარალდეს და იმიტომ, რომ ეს არ მოხდეს, მე ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ კონკრეტულ, სპეციფიკურ პირებს, პერსონიფიცირებული, მასზე მორგებული სანქციები შეეფარდოს. ასეთი პირი, რა თქმა უნდა არის ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ასეთი პირები არიან ის 83 რუსი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში ზის.
ჩემთვის პოლიციელი არის ის, ვინც ჩემს და ჩემი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას იცავს და “ხარება“ პოლიციელი კი არარის, ის არის ჯალათი. ღიად ვიმეორებ და იმედი მაქვს, რომ მოისმენს - “ხარება“ არის ჯალათი. ის არ არის პოლიციელი, ის არ დგას ჩემი ერის სამსახურში. მას ამ ყველაფერზე მოეთხოვა ძალიან მკაფიო და მკაცრი პასუხი. ეს არ იქნება დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ეს იქნება ხვალ კანონის და სამართლის სრული დაცვით. ყველამ მინდა იცოდეს, მე პოლიციელებს და ჩვენს ძალოვნებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან ბევრ მათგანთან ვმეგობრობ და ვისთანაც არ ვმეგობრობ იმათთან აქციებზე მაქვს ფანტასტიკური ურთიერთობა, რადგან ისინი არიან კარგი, გულანთებული ქართველები და ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. მესმის, რომ მათ, დღეს, ძალიან ხშირად, არასწორი დავალების შესრულება უწევთ და მესმის, რომ მათ აქვთ ვალდებულება. ამიტომ, მე ქედს ვიხრი ყველა პატრიოტის წინაშე, რომელიც ჩემს ერს ემსახურება, ვინც ჩვენ გვიცავს უმძიმეს პირობებში - ხშირად ძალიან დაბალ ხელფასზე, არასწორი ეკიპირებით. აქ მაშველებიც გამყავს, მეხანძრეები, სასწრაფოს ეკიპაჟები და ძალიან ბევრი ადამიანები. ჩვენ ეს ხალხი გვჭირდება, მაგრამ “ხარებასნაირი“ ადამიანები, რომლებიც ვანო მერაბიშვილის დროიდან მოყოლებული გვახსოვს, არავის დამცველი არ არიან. ხარება არის რეჟიმების მსახური, ვინც დაუკვეთავს იმას ემსახურება", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.