"გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, "გირჩი" იყო ერთადერთი პარტია, რომელიც “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსობრივ განხილვას ითხოვდა და არგუმენტირებული მსჯელობა სურდა.
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, "გირჩი" ამ კანონპროექტის შინაარსში შევიდა და ამას აკეთებს კონკრეტული საგარეო მტრის წინააღმდეგ.
"ჩვენ ერთადერთი პარტია ვიყავით, რომლებიც ვიძახდით, რომ მოდი შევიდეთ შინაარსში, მოდი ვილაპარაკოთ არგუმენტებით, რაც ადამიანებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა ვიდრე "რუსული კანონის" ძახილი და იმის თქმა, რომ შინაარსში არ შევალთ. ჩვენ შევედით შინაარსში, ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა სადაც ვხსნით ამ კანონის თითოეულ დეტალს, მათ შორის ისტორიას, როგორ შეიქმნა მსგავსი კანონმდებლობა მსოფლიოში და ა.შ. მაგრამ, ამ კანონის მთავარი შინაარსი არის ის, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მსგავს კანონმდებლობას იღებს, ამას აკეთებს კონკრეტული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ნებისმიერ ქვეყანას, ასეთ კანონმდებლობა სჭირდება საგარეო მტრის წინააღმდეგ.
როდესაც ეს კანონი ამერიკელებმა მიიღეს, მათი საგარეო მტრები ფაშისტები და კომუნისტები იყვნენ და მათ წინააღმდეგ იყო მიღებული ეს კანონი. შემდეგ, მსგავსი ტიპის კანონმდებლობა რომ გავრცელდა, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი გამოიღო ქვეყნებში, რომლებსაც არ ჰქონდათ დემოკრატიის ტრადიცია, არ ჰქონდა ხელისუფლება დანაწილებული და ეს კანონმდებლობა, სინამდვილეში, შიდა ბაზარზე, საწინააღმდეგო, ოპოზიციურად განწყობილი აზრის განდევნის ინსტრუმენტი გახდა. ასეთი ინსტრუმენტი გახდა აფრიკის ქვეყნებში და განსაკუთრებით ეფექტურები აღმოჩნდნენ რუსები ამ კანონით განსხვავებული პოლიტიკური აზრის განდევნაში", - განაცხადა მეგრელიშვილმა.