უნგრეთი იყო, არის და იქნება ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყანა. მის ხელმძღვანელობასთან გვაქვს ძალიან აქტიური, ძალიან მეგობრული, ძალიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია და ასევე ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა შეაფასა.
"ორ პრემიერ-მინისტრის შორის საუბარი შეეხო ზოგადად თანამშრომლობის პერსპექტივებს, იმას თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებობს და, ვფიქრობ, რომ ძალიან დროული, ძალიან საინტერესო და შედეგიანი საუბარი ჰქონდა ორ პრემიერ-მინისტრს,"-განაცხადა დარჩიაშვილმა.
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს პარტნიორობის განვითარების კუთხით ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგები.