ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული რეზოლუცია არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს.
ამასთან, ევროპარლამენტარებზე საუბრის დროს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე შეაგულიანეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო."
"ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანა მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო.
ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო კანდიდატის სტატუსის წინაპირობა. იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო კანდიდატის სტატუსის წინაპირობა, თუმცა ვხედავთ, რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პენიტენციურ დაწესებულებაში და სანქციებიც არ არის დაწესებული.
წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ საქართველოზე - რა გვიჭირს, რა გილხინს, მიხეილ სააკაშვილის იქით არ იყურებიან საერთოდ. ოღონდ მიხეილ სააკაშვილი მათ ინდივიდი ისე კი არ აინტერესებთ, მიხეილ სააკაშვილი არის ინდივიდი საქართველოს არევის. რუსული პროპაგანდის საუკეთესო მაგალითი გვაჩვენა ე.წ.-მა ევროპარლამენტარებმა.
როგორც წინა სამ დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და, მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.
დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.