ევროპარლამენტის რეზოლუცია ისევ პოლიტიკური დაპირისპირების თემაა თბილისში - ოპოზიცია მმართველ გუნდს გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მათი განცხადებით, მწვავე რეზოლუციის მიღებით, დადასტურდა, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და შესაძლოა გადაიხედოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
"ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ წავა ევროკავშირისკენ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს კარი NATO-სკენ ჩაიკეტება და, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, დემოკრატია გაუარესდება. ამ სამივე მოცემულობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მხოლოდ ჩვენი ევროპული მომავალი, არამედ, მათ შორის, საფრთხე შეეხება ვიზალიბერალიზაციის პროცესს, სადაც ცალსახად წერია, შარშან ზაფხულს რაც მიიღეს, რომ შეჩერების მექანიზმი შესაძლებელია იყოს როგორც საგარეო ურთიერთობის გაუარესება ევროკავშირთან, ასევე - ფუნდამენტური უფლებების გაუარესება ქვეყნის შიგნით,“ - აცხადებს "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.