"რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ დაანიცირა კონსტიტუციური ხასიათის ცვლილება, რომელიც ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხთან კონსულტაციები გავიაროთ და მათი მოსაზრებები მოვისმინოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიზანია გაირკვეს ეთანხმება თუ არა საზოგადოება ცვლილებებს.
"ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არჩევნების გზით, გარკვეული პერიოდით, საქართველოში ოთხი წლის ვადით, გადასცემს მანდატს თავის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდეგ ხალხის სახელით იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, მთლიანად ეს პროცესი არის საზოგადოებასთან უკუკავშირის პროცესი. ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუცია და კანონები გვეუბნება, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, როდესაც მანდატი, რომელიც პარლამენტის აქვს, ბოლომდე საკმარისი არ არის რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად და საჭიროა ხალხთან კიდევ ერთხელ უშუალო კომუნიკაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა ფუნდამენტური საკითხი მოწესრიგებულია ჩვენს კონსტიტუციაში, სადაც ასახულია ჩვენი ღირებულებები - თუ რაზე ვდგავართ, ჩვენი იდეალები - თუ რისკენ ვისწრაფვით, ჩვენი სახელმწიფო მოწყობის ძირითადი სტრუქტურა და კონცეფცია. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ღირებულებებს, ამ ღირებულებების დაკონკრეტებას საკანონმდებლო წესით, საჭიროებს თავდაპირველ კონსულტაციას საზოგადოებასთან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომისია ერთთვიანი განხილვების შემდეგ შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ამ შემდეგ გადადის უკვე საპარლამენტო პროცედურაზე.