ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 29 აპრილს დაანონსებულ აქციას უერთდებიან - განცხადება ექვსმა პარტიამ გაავრცელა.
მმართველი გუნდი ოპონენტებს მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 29 აპრილს პარლამენტთან დაგეგმილი ღონისძიება საზოგადოების მოთხოვნაა, რადგან გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, რეალურად კი ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის პოზიციაა.
"ეს არის ქართველი ხალხის გამოსვლა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა - დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, ბიზნესმენიც და საჯარო მოხელეც, ყველა გამოვიდეს და საბოლოოდ წერტილი დავუსვათ ყველანაირ მცდელობას, რომ უცხოური ფულით იმართებოდეს ქართული სახელმწიფო. ეს არის ქართველი ხალხის სახელმწიფო, რომელიც იმართება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით და ის შავი ფული, რომელიც ახლა არასამთავრობო სექტორში ტრიალებს, ეს უნდა დასრულდეს. სამარცხვინო განცხადებები რომ მოვისმინეთ გუშინ, ოპოზიცია და ენჯეოები რომ გაერთიანდნენ და რუსებს გვეძახიან, აი როგორი რუსები ვართ, ამას ნახავთ ყველა 29-ში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ დღეს ქუდზე კაცი გამოვიდეს და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ - ჩვენ ვართ სახელმწიფო, თუ გვინდა რომ დონორებმა მართონ ეს ქვეყანა NGO-ების ხელით, რომლებიც უკვე რუსებს გვეძახიან,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.