ქვეყნის მთავარ გამზირს, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ. გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, დოკუმენტის უკან გაწვევის მოთხოვნით იკრიბებიან.
როგორია მმართველი გუნდის პოზიცია - ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, დემონსტრაციის გამართვის შესაძლებლობა და უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, თუმცა, ეს კანონიერ ჩარჩოებში უნდა მოხდეს. მათივე თქმით, თუ პროტესტი კანონიერ ფარგლებს გასცდება, ხელისუფლება ვალდებულია შესაბამისად იმოქმედოს.
"მიმდინარეობს დიდი თუ მცირე აქციები, ადამიანები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას. ნებისმიერ მოსაზრებას, კანონის ჩარჩოში გამოხატულს, პატივს ვცემ. გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, ოღონდ კანონის ჩარჩოებში. როცა შენ მოლოტოვის კოქტეილით გინდა გადაწვა საქართველოს პარლამენტი, რომელთან მიახლოებულიც არ გაგვიბედავს ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ქუჩაში ვიდექით, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგხვდება შესაბამისი კანონისმიერი წინააღმდეგობა ხელისუფლებისგან, ეს ბუნებრივია.
შინაური გამცემლები ამ ქვეყნის, რომელიც პირდაპირ მტრული განზრახვებით იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე დაამხონ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. სხვა მიზანი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ აქციებს არ აქვს და ეს თვალნათელია," - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ პროტესტის გამოხატვა ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა მისი თქმით, რადიალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს არ სურს გამჭვირვალობა, რაც ქადაგიშვილის შეფასებით, გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენს პრობლემას.
ცნობისთვის, "ევროპულ მარშს," რომელიც ენჯეოებმა დააანონსეს, 7 ოპოზიციური პარტია უერთდება.