გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან და ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთი ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში ბიზნესი დღეს, როგორც არასდროს, თავისუფალია დამატებითი ბიოროკრატიული ჩარევისგან, რაც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად განვითარდნენ, შექმნან მეტი ეკონომიკური დოვლათი და შეძლონ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.
"განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის - მევენახეობა - მეღვინეობის არნახული მაშტაბის მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. მეწარმეებზე გაცემულმა შეღავათიანმა კრედიტებმა უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ვენახების გაშენების, ღვინის მოცულობის ზრდის და საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით," - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არასტაბილურობა და გაუმჭვირვალობაა.
"მივესალმებით, ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას. მიგვაჩნია კანონი გარანტიაა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ჩვენი ბიზნესი და ინვესტიციების წარმომავლობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ამიტომ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ეს მოთხოვნა კერძო სექტორის სხვა სუბიექტებზეც გავრცელდეს," - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "შალვინოს" დამფუძნებელი ლევან გვარამაძე, "ხაოს მარანის" დამფუძნებელი გოჩა დაუდიშვილი, "კახეთი 3000"-ის დამფუძნებელი გიორგი ერბოწონაშვილი, "ჰერეთის ღვინის მარანის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე, "კახური ღვინის მარანის" დირექტორი მირიან მუკბანიანი, "შატო მუკუზანის“ დამფუძნებელი კახაბერ მამანიშვილი, "შატო ხვანჭკარას" დამფუძნებელი ბაკური მიჩიტაშვილი, "ყვარლის ღვინის კომპანიის" დამფუძნებელი პაატა არჩვაძე, "მარნისკარის“ და "შატო ნეკრესის" დამფუძნებელი ვაჟა ციგროშვილი.