16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ენჯეო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია იკვებება უცხოური შავი ფულით და ამიტომაც ისინი აჟღერებენ იმ მესიჯებს, რასაც ავალებენ მათი პატრონები - გურამ მაჭარაშვილი

არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციის, აქტივისტებისა და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის დემონსტრაციის მიღმა, სახელისუფლებო პარტია დესტაბილიზაციის შექმნის სურვილს და საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობას უკავშირებს. თუმცა ამბობენ, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და ეს უფლება კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება.

"ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ნებისმიერი ისეთი აქცია, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ გაიმართება, "აუცილებლად იქნება მილევადი."

"ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად უდიდესი დეზინფორმაციისა უცხოეთიდან, მაინც ხვდება, რომ რეალობა არის სიმართლესა და გამჭვირვალობაში, არ შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში ვინმეს ეშინოდეს გამჭვირვალობის, ე.ი. ნამდვილად რაღაც დასამალი აქვს. ამიტომ, ნებისმიერი ისეთი აქცია, რომელიც კანონპროექტის წინააღმდეგ იქნება, აუცილებლად იქნება მილევადი.

ენჯეო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია იკვებება უცხოური შავი ფულით და ამიტომაც ისინი აჟღერებენ იმ მესიჯებს, რასაც ავალებენ მათი პატრონები. ეს უკვე გაშიფრულია, ბევრი მტკიცება ამას აღარ სჭირდება. პირდაპირ გამოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეკითხოს უცხოეთი აქ რა თანხას ჩარიცხავს. შესაბამისად, რადიკალურ ოპოზიციას, ისედაც მინიმალური მხარდაჭერის მქონე პარტიებს აუცილებლად დაეწევათ რეიტინგი საზოგადოებაში, იმიტომ რომ, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა საქართველოს სუვერენიტეტი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აქციას გამართავენ. გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დოკუმენტის უკან გაწვევის მოთხოვნით იკრიბებიან. შეკრების ადგილი კი, რესპუბლიკის მოედანი იქნება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. "ევროპულ მარშს," რომელიც ენჯეოებმა დააანონსეს, 7 ოპოზიციური პარტია უერთდება.

დღის ამბები