დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც "ქართული ოცნება" ხვალ საერთო სახალხო შეკრებას გამართავს, ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
სახელისუფლებო გუნდი, რუსთაველზე, პარლამენტის წინ ელოდება ყველას, ვისაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა სურს. ამბობენ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ სიტყვას სწორედ ხვალ იტყვის.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, ხვალ 4 საათიდან მსვლელობას ფილარმონიიდან დაიწყებს:
"ყველას მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ჩვენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია 4 საათზე შევიკრიბებით ფილარმონიასთან და უკვე 6 საათზე, ახალგაზრდული მსვლელობით - "წინ ევროპისკენ" რუსთაველის გავლით პარლამენტის შენობის წინ გადავინაცვლებთ. ხვალინდელ დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების არჩევანი არის - მამული, ენა და სარწმუნოება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე.
ეროვნული ღირებულებების გამოკვეთა და გამჭვირვალობის კანონპროექტის მიმართ საზოგადოების განწყობის ჩვენება - ეს არის "ქართული ოცნების" შეკრების მიზანი, რომელსაც საპატიო თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
მმართველ პარტიას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თავისი პოლიტიკის მხარდამჭერების რაოდენობის დემონსტრირება უნდა და დარწმუნებულია, რომ ამ ერთი აქციით შეძლებს ელექტორატის რეალური განწყობების ჩვენებას.