საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისტერიული კამპანიის, დაბუსტული პოსტების და ძალით გარეკლამებული საკითხების მიუხედავად, გარანტიას იძლევა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კვლავ ვერ იქნება წარმოდგენილი ვერცერთი არგუმენტი "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ.
მდინარაძის თქმით, აბსოლუტური ისტერიაა ატეხილი ხვალინდელ შეკრებასთან დაკავშირებითაც.
"აქეთ რომ გვაბრალებენ რაღაცებს, დიახ, ჩვენც ვბუსტავთ სოციალურ ქსელებში გარკვეულ საკითხებს, მოსაზრებებს, იქიდან გამომდინარე, რომ მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, რათა ვერ გადაფარონ მაგალითად, კაპანაძის და კინწურაშვილის ფაქტჩექერებმა, რომლებიც თავად არიან შესამოწმებელი ტყუილზე, ათიდან ცხრას ტყუილს ამბობენ და მანიპულაციურია მათი შეფასებები. ამის გადასაფარად, დიახ, ჩვენც მაქსიმალურ ინფორმირებას ვახდენთ ადამიანებისას, მაგრამ, ამავდროულად, აბსოლუტური ისტერიაა მეორე მხრიდან მაგალითად, ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა ეროვნულ შეკრებაში მონაწილეობას და თუკი რაიმე გზა არსებობს, ყველაფრით ცდილობენ, გააშავონ ხვალინდელი აქცია. თუკი რაიმე გზა არსებობს, ყველაფრით ცდილობენ, კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, გახადონ რუსული. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს, საბედნიეროდ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. ადამიანების უმეტესობამ, როგორც ჩანს, ყველა პარამეტრიდან გამომდინარე გაიგო, რასთან გვაქვს საქმე, რომ შეუძლებელია, გამჭვირვალობა იყოს არაევროპული, შეუძლებელია, გამჭვირვალობა იყოს რუსული და გაუმჭვირვალობა იყოს არაევროპული. ევროპას, ევროპულობას და ზოგადად ამ აღქმას თუკი ვინმე აზიანებს, ის ადამიანები არიან, რომლებიც მაგალითად, თავად ევროპარლამენტიდან და ქვეყნის შიგნიდან გვეუბნებიან, რომ იცით რა, გამჭვირვალობა თუ იქნება, ეს არაევროპულია, მაშინ ჩვენ სანქციებზე ვიფიქრებთ, მაშინ ჩვენ თქვენ წინააღმდეგ ვიქნებით. ამ დროს გვიწერენ რეზოლუციაში, რეზოლუციაში, რომელიც იმდენად გაუფასურდა, რომ მართლა აღარაფრის ფასი აქვს. ვნახეთ წინა რეზოლუციები, რომლებიც სააკაშვილზე იყო აგებული. ეს რეზოლუციაც – სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის სანქცირება, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის არდაშვება, თითს გვიქნევენ, რომ არ უნდა დავუშვათ თურმე ჩვენს ქვეყანაში, ასეთი კულტურის და ტრადიციების, ჩვენი მენტალობის ხალხში თურმე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს. თურმე ამ ადამიანების უფლებები და გარკვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდა ერთმანეთისგან არ უნდა გავმიჯნოთ, თურმე გამჭვირვალობის კანონი არ უნდა მივიღოთ არავითარ შემთხვევაში. ეს ყველაფერი თურმე რუსულია. რანაირად არის რუსული? გამჭვირვალობა რუსულია? ტრადიციული ღირებულებების დაცვა, უფლებების და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნაა რუსული? რატომ არეკლამებენ ასე რუსეთს და ყველაფერს რუსულს, თურმე გამჭვირვალობაა რუსული, ასეთი ლოგიკაა მათ მოქმედებებში. ვინ აკეთებს ამ დროს მტრის საქმეს, ოკუპანტის საქმეს, ბოლოს სწორ ანალიზს აკეთებს ქართველი ხალხი, რომელიც ხვალ თავის სიტყვას იტყვის. ხვალ არ იქნება დიდი ოჯახი, სანათესაო, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება, არ იქნება სოფელი, დაბა, არ იქნება ქალაქი, მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ბევრი ღირსეული წარმომადგენელი იქ არ იქნება. აბულინგებენ და რა სიტყვებით მოიხსენიებენ ამ ხალხს, კარგად მოგეხსენებათ," – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.