შეკრებაზე მოსვლის სურვილი თუ არ აქვს ადამიანს, ხვალ იქ არ უნდა მოხვდეს და თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანეს, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს იქნება დადგმული პროვოკაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საუბრობს.
მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებს, რომ თუ სურვილი არ აქვთ "ქართული ოცნების" დაანონსებულ 29 აპრილის შეკრებაზე მივიდნენ, ეს არ გააკეთონ.
"ქართველი ხალხი, ხვალ თავის სიტყვას იტყვი. ხვალ არ იქნება იქ ოჯახი და სანათესავო, რომლის წარმომადგენელიც იმ აქციაზე არ იდგება. არ იქნება სოფელი, დაბა, ქალაქი და მუნიციპალიტეტი, რომლის ძალიან ბევრი ღირსეული წარმომადგენელი არ მოვა აქციაზე. ამ ხალხს კი აბულინგებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია პარტიულ დავალებაზე გესაუბროთ - დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან მათ შორის იმის ფინანსურ მხარეს, რომ ორგანიზება იყოს და მთლიანად უზრუნველვყოთ მგზავრობა.
გარანტირებულად გეუბნებით, ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა და უთხრეს რომ, არა, შენ უნდა წამოხვიდე. ყველა თათბირზე ვამბობდი, რომ არც ერთი არც კი დაარწმუნოთ, რომ წამოვიდნენ, თუ ამ ადამიანებს წამოსვლა არ უნდათ. თქვენი ტელევიზიების მეშვეობით მივმართავ ყველას, თუკი რომელიმე საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, ფიქრობს რომ იქ არ უნდა იყოს, არ უნდა დასწრება, არც ერთ ადამიანს კითხვასაც კი არ დაუსვამენ, რატომ არ მოდის შეკრებაზე.
თუ ვინმეს არ უნდა, ხვალ იმ შეხვედრაზე არ უნდა იყოს. ყველას მივმართავ, განსაკუთრებით საჯარო მოხელეს, ვისაც ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, არ უნდა იყოთ. ამის სურვილი თუ არ აქვს ადამიანს, ხვალ იქ არ უნდა მოვიდეს და თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანეს, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის და მათი ტელევიზიების, იმ მდიდარი ენჯეოების, რომლებიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან," - ამბობს მამუკა მდინარაძე.