ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე სოციალურ ქსელში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე წერს, სადაც აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, "საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას".
ამასთან, სოსო ფხაკაძე, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობისა და ღიაობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"მოგესალმებით მეგობრებო!
გილოცათ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გულითადად ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, მის მოქალაქეებს!
ამასთან, საჭიროდ მივიჩნიე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ბიზნესმენმა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ კი ბიზნესსა და ეკონომიკურ პროცესებში, აქტიურად ჩართულმა პირმა.
უპირველეს ყოვლისა, ვეხმიანები და ვუერთდები ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის სულისკვეთებას და ერთიანობას უმთავრეს საკითხში: ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ევროპული ღირებულებები! ჩემი აზრით, ამ ნაწილში სხვა სახის მიდგომა ისტორიის არცოდნა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნებოდა!
სწორედ ეს ღირებულება, მისწრაფება და მიზანია ის უმთავრესი, რაზეც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აკეთებს და გააკეთებს არჩევანს.
ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად,
საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაში, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების, უსაფრთხო და კონკურენტული, ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი,, გამარტივებული საჯარო სერვისების, საჯარო მმართველობის სისტემის შექმნის კუთხით.
ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მოგვიტანა ვიზა ლიბერალიზაცია.
გასული წლის ბოლოს კი ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების აღსრულება!
ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმეს
განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და
მრავალი წლით დაგვწია უკან განვითარებული სამყაროსგან.
მინდა მჯეროდეს, რომ დღეს ჩვენ ამ სახის საშიშროების წინაშე არ ვდგავართ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს პროფესიულ და კონსტრუქციულ დისკუსიებში, განხილვებში. ნუ შევეჯიბრებით
ერთმანეთს სამშობლოს “სიყვარულში” ისე, რომ თვითონ ეს, ყველაზე სანუკვარი და ტკბილი სამშობლო დავაზიანოთ.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, რაც გარემოს ისედაც მყიფეს ხდის. ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხავს წყალს.
მე როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება სრულიად საქართველოს, მისი ნებისმიერი მოქალაქის ერთობლივი გამარჯვება!
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ევროპის გზაზე,"- წერს სოსო ფხაკაძე.