16 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პოლიტიკოსების თქმით, პროტესტი იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე კანონპროექტს არ გაიწვევენ

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია, მესამე სექტორი, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები - ერთად, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელმეორედ დაბრუნებას აპროტესტებენ. "ევროპული მარში!"- ასე ჰქვია დღევანდელ შეკრებას. აქციის მონაწილეების მთავარი მიზანი, სადაო კანონპროექტის უკან გაწვევაა.

რესპუბლიკის მოედანზე, აქციის ორგანიზატორებმა, საგანგებოდ მოაწყვეს სცენა, სადაც უკვე ერთ საათზე მეტია გამომსვლელები შეკრებილებს მიმართავენ, განცხადებების შემდეგ კი დაიწყება მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ.

ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, პოლიტიკოსების თქმით, პროტესტი იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე კანონპროექტს არ გაიწვევენ.

"გეგმა არსებობს ერთი - სანამ კანონპროექტი იარსებებს, ქვეყანას ევროპული საფრთხე უდგას და თუ კანონპროექტი კანონად გადაიქცა, სანამ ეს კანონი იარსებებს, ევროპული მომავალი ამ ქვეყანას არ ექნება. რუსულ კანონთან ერთად, ამ კანონის დამაინიცირებელი ხელისუფლებაც ჩამოსაშორებელია მართვის სადავეებიდან. ეს გეგმა უკვე მესამე კვირაა ხალხის მიერ მოქმედებაშია მოყვანილი,"- აცხადებს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

ამასთან, პოლიტიკოსები მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

"მე მგონია, რომ ნებისმიერ ასეთ აქციაზე უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი, სამშობლოს ყველა პატრიოტს მართებს აქ დგომა. ეს არის ქვეყნის გადარჩენის საკითხი, იქნება ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ვინმე სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ვიქნებით აქ," - აცხადებს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.

დღის ამბები