საპროტესტო აქციის ერთ-ერთი წამყვანის, რატი ამაღლობელის თქმით, თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას.
"ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში შეკრებს პარლამენტთან. ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდებთ, ხვალ, 29 აპრილს არ ჩანიშნოს პლენარული მოსმენა, მაგრამ თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს "რუსული კანონის"პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას.
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ პლენარული მოსმენის დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს ის, გვექნება კონკრეტული გეგმა და ლოკაციები, სადაც მოქალაქეებს მოვუწოდებთ," - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.
ამასთან, ამ წუთებში, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება "მოქალაქეობრივი ხორუმი."
აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.