პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პარტნიორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, აანალიზებს საფრთხეებს და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ნებისმიერი გავლენის შესახებ, რომელიც შესაძლოა უცხოეთიდან მოდიოდეს.
ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი, წინასაარჩევნო კამპანიის წამყვან საკითხად სწორედ უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ბრძოლას აყენებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამის შესახებ დანიაში, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, ევროპული დემოკრატიის დასაცავად, უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი ე.წ "ევროპული დემოკრატიის ფარის" შექმნა იქნება, რომელიც უცხოურ ჩარევებს შეებრძოლება.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პარტნიორებისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი და, ზოგ შემთხვევაში, ჩინეთია, ქართულ კანონმდებლობაში კი მსგავსი ჩანაწერი არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობაში ყურადღებას კვლავ გამჭვირვალობის უალტერნატივობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებაც აჩვენებს, რომ უცხო გავლენის საფრთხე რეალურია და მის წინააღმდეგ რეაგირებაა საჭირო.
”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პარლამენტმა, ხმაურიანი განხილვების შემდეგ, გასულ კვირას დაამტკიცა.