პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის გიორგი მსხილაძის განცხადებით, „საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს“.
"ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში არის აღწერილი კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით. არის განმარტებული, რატომაა აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი. რაც შეეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა, რათა კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია. თვითონ ვეტო აისახება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე“, – აღნიშნა გიორგი მსხილაძემ.