16 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
გამჭვირვალობის კანონზე მოტივირებული შენიშვნების გარეშე დადებული ვეტო - პრეზიდენტი კვლავ მმართველი გუნდის კრიტიკის ობიექტი გახდა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადების შემდეგ, პრეზიდენტი კვლავ მმართველი გუნდის კრიტიკის ობიექტი გახდა. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სადავო კანონპროექტი რედაქტირებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ხელისუფლებისგან მის გაუქმებას მოითხოვს.

სახელისუფლო პარტიაში კონსტიტუციის გარანტს დღეს მთავარი კანონის არაერთხელ დამრღვევი უწოდეს. პოლიტიკოსების აზრით, პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ მისი მიზანი ოპოზიციური ფლანგის სათავეში მოქცევაა. კანონმდებლებისთვის ვეტო შენიშვნების გარეშე ადასტურებს, რომ კანონს, რეალურად, სამართლებრივი ხარვეზი არ აქვს.

ხელისუფლების კრიტიკას დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მსგავსი არგუმენტი დაუპირისპირა. გიორგი მსხილაძემ და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სამართლებრივ ნაწილზე არ ისაუბრეს და თქვეს, რომ ზურაბიშვილის ვეტომ ხელისუფლებას სპეკულაციის შესაძლებლობა მოუსპო.

კოლეგებისგან განსხვავებით, "გირჩში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა იჩქარა და პოლიტიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მინიმუმ, კანონპროექტის ძალაში შესვლის გაჭიანურების შანსი არ გამოიყენა.

პრეზიდენტის ვეტოსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონს დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირებიც გამოეხმაურნენ. პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კანონი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულ რისკებს აზღვევს, რასაც ზურაბიშვილი ყველა გზით ეწინააღმდეგება. ლიდერების აზრით, პრეზიდენტის ქმედება საერთაშორისო პარტნიორების შეთავაზებასთანაც წინააღმდეგობაში მოდის. მმართველი პარტია ვეტოს დაძლევას გეგმავს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო პრეზიდენტმა მიღებიდან ოთხ დღეში დაადო. ზურაბიშვილი სადავო კანონპროექტის გაუქმებას ითხოვს.

 

 

დღის ამბები