27 ივლისი 2024,   04:22
ვრცლად
დუმილი მძიმე ბრალდების საპასუხოდ - ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს გამოძიება ინტიმური კადრების ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავება

სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს გამოძიება ასეულობით ადამიანის ინტიმური კადრების უკანონო მოპოვებასა და შენახვას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარული კადრები ერისთავის ქუჩაზე, მარიამ იაშვილის ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. გამოძიების მტკიცებით, პოტენციურ მსხვერპლს ქალი გარკვეულ ვებგვერდებზე განთავსებული საკონტაქტო ინფორმაციით პოულობდა და სექსუალურ კავშირს საკუთარ ბინაში სთავაზობდა.

პოლიციამ უკანონო ჩანაწერები უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის სახლების ჩხრეკის შედეგად, რამდენიმე დღის წინ ამოიღო. ამ დღეს დააკავეს ბლოგერიც. მისი მეუღლე კი, სამართალდამცველებმა დღეს აიყვანეს. გამოძიების მტკიცებით, მოსასმენი აპარატები ჩამონტაჟებული იყო საყოფაცხოვრებო ნივთებშიც. ნივთმტკიცებების კადრებში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, სხვადასხვა სახის აპარატურასთან ერთად, ჩანს მეხსიერების ბარათები. ნივთებს შორის არის იარაღი, საბრძოლო მასალა. უჩა აბაშიძეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასთან ერთად, ბრალი იარაღის უკანონო შენახვის მუხლითაც წარედგინა. ის დუმილს ირჩევს და ადვოკატს მედიასთან კონტაქტს უზღუდავს.

დუმილის უფლებით სარგებლობს მარიამ იაშვილიც, მას მეუღლესთან ერთად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ედავებიან. ადვოკატს საქმის მასალები უკვე გადასცეს.

ვინ არიან სავარაუდო დაზარალებულები - კონკრეტული გვარები უცნობია, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, მათ შორის ცნობილი სახეებიც არიან.

დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალ ჩატარდება. ბრალდებულ ცოლ-ქმარს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები