18 ოქტომბერი 2024,   07:06
ვრცლად
ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ქვეყნის ფარგლებს გარედან კრიტიკა, რჩევები და შეფასებები კვლავ აქტიურია - როგორია ქართველი პოლიტიკოსების პასუხი კრიტიკაზე

ენტონი ბლინკენის თანაშემწე თბილისში ჩამოდის. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს რამდენიმე დღეში ეწვევა, რათა გამოხატოს შტატების მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხის და ქვეყნის მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მთავრობის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ჩამოსვლამდე ობრაიენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ, საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ. ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას", - წერს შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

რა საკითხებს განიხილავენ მხარეები ოფიციალურ შეხვედრებზე - ეს წინასწარ არ კონკრეტდება. თუმცა მოლოდინი უკვე არსებობს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან საუბარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტსაც შეეხება. სახელისუფლებო გუნდი პარტნიორებისგან ზოგადი შეფასებების გარდა, ისევ შინაარსობრივ შენიშვნებს ითხოვს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველიც ეხმაურება. ჯეიკ სალივანი შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი.

შტატების წარმომადგენელთა პალატის 29 წევრი საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს. წერენ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული ფარას მსგავსი არ არის და პირიქით, ის რუსულ კანონს ჰგავს. კონგრესმენები პირობას დებენ, რომ თუ მთავრობა ინიციატივაზე უარს არ იტყვის, ისინი ეცდებიან სენატის დარწმუნებას - დააწესონ სანქციები. მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ქვეყნებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას არ შეესაბამება.

პარლამენტის თავმჯდომარეს ამერიკელ კონგრესმენებთან საპასუხო მოწოდება აქვს - დაინტერესდნენ რაში იხარჯება მათი ბიუჯეტიდან თანხები საქართველოში.

ამერიკელი პარტნიორების კრიტიკას ოპოზიცია გამაფრთხილებელ გზავნილს უწოდებს. ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაზიანდება.

სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგის და მჭირდო კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი ურთიერთობის გასარკვევად კარგი შესაძლებლობაა.

კონგრესმენების მიმართვამდე იყო 14 სენატორის წერილიც - ანალოგიურად, გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევის მოწოდებით.

დღის ამბები