მართლმადიდებელი სამყარო დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო წირვა ტარდება. დღევანდელ დღეს აღდგომის განახლებას და თომას კვირასაც უწოდებენ. კვირაცხოვლობას ტაძრებში არტოსი რიგდება, – საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, ეკლესიებში საკურთხევლის შესასვლელთან დევს. მორწმუნეები მას მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების დროს იღებენ.
წირვის დასასრულს მრევლს, მეუფე დანიელმა ქადაგებით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ხილული თუ უხილავი ბოროტი ძალა ცდილობდა, რომ ჩვენს ერში შემოეტანა თავისი გავლენა, რომ შეცვლილიყო ჩვენი ვექტორი, რომ მოსწყვეტოდი ჩვენს სულიერ და ეროვნულ ღირებულებებს. ეს ვერ მოხდა და არ მოხდება არასოდეს. დღეს, როდესაც ჩვენი ერი ღელავს იმიტომ, რომ ყველას საქართველოს გადარჩენა უნდა. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ერის უმრავლესი ნაწილი, რომელიც დღეს ღელავს, არ აქვს მნიშვნელობა განსხვავებული შეხედულებების არიან ისინი თუ არა, ყველას სურს საქართველოს გადარჩენა. ჩვენ ყველას ვლოცავთ, მაგრამ ვაფრთხილებთ, საშიშია არა სამშობლოს დაცვისათვის მზადყოფნა და თავგანწირვა, არამედ საშიშია ჩვენ გადავიხაროთ მარჯვნივ ან მარცხნივ. როგორც კი ან მარჯვნივ, ან მარცხნივ იქნება გადახრა და ეს იქნება რაღაც რადიკალიზმი და კატეგორიულობა, ეს არათუ ვერ მოემსახურება ვერც ჩვენს სარწმუნოებას, ვერც ჩვენს ქვეყანას, არამედ დააზიანებს მას, გაანადგურებს. თუ რამე დაგვამარცხებს, ჩვენ დაგვამარცხებს ჩვენი მცირედმორწმუნეობა და თუ დაუმარცხებია რამეს საქართველო, დაუმარცხებია მცირედმორწმუნეობას. სწორედ ეს სჭირდება დღეს საქართველოს, დედაეკლესიის წიაღში გამთლიანება და ვერავითარი, ვერც მემარცხენე და ვერ მემარჯვენე ძალები, ვერავითარ ზიანს ვერ მოუტანს საქართველოს. ქრისტიანული დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყნებში ქრისტიანები უმცირესობაში არიან. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ყველასთვის უნდა ვილოცოთ. ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება მიიღოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც მართლმადიდებლობას სცილდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მივდივართ იქითკენ, რომ მართლმადიდებლობა დავამყაროთ და ეს იყოს სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მეუფემ.