27 ივლისი 2024,   04:26
ვრცლად
ო"ბრაიენის ვიზიტი საქართველოში და პოლიტიკური შეფასებები - რა გზავნილები დატოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ და რა მოხდება თუ კანონი არ დაკორექტირდება

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, მესამე სექტორს, ოპოზიციისა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს, ასევე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის საჭიროება, ჯიმ ო"ბრაიენს, შალვა პაპუაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე განუმარტა. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დეტალურად მოისმინა, რომ კანონი ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამაზე აქცენტი ჯიმ ო"ბრაიენმა, პრესკონფერენციაზე თავადაც გააკეთა. ახლა სახელისუფლებო გუნდი, კანონთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტების მოლოდინშია.

ჯიმ ო"ბრაიენმა საქართველოს ხელისუფლებას კანონის ევროპულ ღირებულებებთან მორგება ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ არც შეზღუდვების დაწესება გამორიცხა. განცხადებები ჯიმ ო"ბრაიენმა, გუშინ, ყველა პოლიტიკურ აქტორთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან გააკეთა.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გზავნილები ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი ძალის წევრებისთვის შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოსთვისაც პრობლემა იქნება.

სახელისუფლებო გუნდი სივრცეს სამართლებრივი არგუმენტებისთვის ტოვებს. მმართველ პარტიაში არგუმენტირებული შენიშვნების მოსასმენად მზად არიან. სანქციებზე საუბარი კი, საპარლამენტო უმრავლესობისთვის არასერიოზულია.

ჯიმ ო"ბრაიენმა პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიმართ სანქციები დაწესებული არ არის.

ჯიმ ო"ბრაიენის განცხადების ეს ნაწილი არგუმენტებს მოკლებულია საპარლამენტო უმრავლესობისთვის, სადაც დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად დასანქცირებულია. ამაზე მათი თქმით, ისიც მეტყველებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე პირად ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვს.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში გუშინ იმყოფებოდა.

 

დღის ამბები