18 ოქტომბერი 2024,   06:00
ვრცლად
ვოვჩანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება - ბოლო 24 საათში რეგიონზე რუსეთმა 150 საჰაერო შეტევა განახორციელა

ვოვჩანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება, პროცესში უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის ყველა სამსახურია ჩართული. სოფლებში სიტუაცია კრიტიკულად მძიმეა. უკრაინელ სამხედროებს ევაკუაციის პროცესის პარალელურად ოკუპანტის თავდასხმების მოგერიება უწევთ. რუსეთი დასახლებულ პუნქტებს დრონებითა და საარტილერიო დანადგარებით ბომბავს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტმა ქალაქ ვოვჩანსკის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვოვჩანსკის მიმართულებით ცხრა დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ბოლო 24 საათში რეგიონზე რუსეთმა 150 საჰაერო შეტევა განახორციელა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით "ვოვჩანსკის" მიმართულებით უკრაინის არმიამ გადაჯგუფების მიზნით უკან დაიხია.

ხარკოვში გასულ ღამეს ოკუპანტის საჰაერო თავდასხმების შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ოცამდე შენობა მათ შორის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები და სკოლები. ამ დროისთვის ტერიტორია უკვე დატოვა 7.5 ათასმა ადამიანმა. ფრონტის ხაზზე შექმნილი რთული ვითარების გამო დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ესპანეთსა და პორტუგალიაში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა.

უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე სანგრების სისტემის ხარვეზის მოკვლევას იწყებს, რის გამოც რუსულმა ძალებმა საზღვრისპირა ზონის გადაკვეთა დაბრკოლებების გარეშე შეძლეს.

უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტი შეტევის აქტიურ ფაზაში გადავიდა. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით რუსეთი ფრონტის ხაზზე ბუფერული ზონების შექმნას გეგმავს, რისთვისაც ბომბავს ნიკოპოლის, სუმის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები