27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
სლოვაკეთის პრეზიდენტი: შოკირებული ვართ პრემიერ ფიცოზე თავდასხმით, სიძულვილის რიტორიკამ, რომელსაც საზოგადოებაში ვხედავთ, სიძულვილის ქმედებები გამოიწვია

სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის გამო შოკირებულია.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და სიძულვილის რიტორიკამ, რომელიც საზოგადოებაში ჩანს,  სიძულვილის ქმედებები გამოიწვია.

"ყველა შოკირებული ვართ პრემიერ-მინისტრ ფიცოზე საშინელი თავდასხმით. მოხდა ძალიან სერიოზული რამ, რაც ჩვენ ჯერ ვერც კი გავაცნობიერეთ. ფიზიკური თავდასხმა პრემიერ-მინისტრზე, უპირველეს ყოვლისა, არის პიროვნებაზე თავდასხმა, თუმცა ასევე ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. სიძულვილის რიტორიკამ, რომელსაც ვხედავთ საზოგადოებაში, გამოიწვია სიძულვილის ქმედებები. გთხოვთ, შევაჩეროთ ეს.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა და აუცილებლად გაასაჯაროებს მეტ ინფორმაციას, როდესაც შესაძლებელი იქნება. მანამდე, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და იფიქრეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე ამ მომენტისთვის, რომ რობერტ ფიცო რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს", – აცხადებს ზუზანა ჩაპუტოვა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. შემთხვევა ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლთან მოხდა.

დღის ამბები