27 ივლისი 2024,   04:10
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში პუნქტების მალულად ჩამატებას ედავება

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში, პუნქტების მალულად ჩამატებას ედავება. საუბარია ჩანაწერზე, რომლის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, ყველა პირი, მათ შორის, ფიზიკურიც 5 000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. ამ ჩანაწერის გამო ოპოზიცია ამბობს, რომ კანონი ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც.

"ქართული ოცნება" გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა, აღმოჩნდა, რომ ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, მაშინ როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდათ, დაამატეს მუხლი დანაშაულებრივად, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე საიდუმლოების შეგროვებას ეხება," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები პროექტს მეორე მოსმენისას დაემატა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" "პირობა," კანონი არ გავრცელებულიყო ფიზიკურ პირებზე, ეხება მათ რეგისტრაციის ვალდებულებას. მისივე თქმით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციის ვალდებულებას, კანონი მხოლოდ იურიდიულ პირებს აკისრებს.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

 

დღის ამბები