27 ივლისი 2024,   03:58
ვრცლად
ეს არჩევნები, ალბათ, იქნება რაღაცნაირი რეფერენდუმი, საქართველოს დასავლეთისკენ უნდა სწრაფვა თუ მოსკოვისკენ - იაგო ხვიჩია

"უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონს საერთაშორისო პარტნიორები აკრიტიკებენ. დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას საქართველოში უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

"გირჩის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, გარკვეულწილად, რეფერენდუმის სახე ექნება, სადაც საზოგადოება გადაწყვეტს, დასავლეთისკენ სურს სვლა, თუ რუსეთისკენ.

"ეს არჩევნები, ალბათ, იქნება რაღაცნაირი რეფერენდუმი, საქართველოს დასავლეთისკენ უნდა სწრაფვა, თუ მოსკოვისკენ. ცხადია, ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ საკითხი ასე არ დავაყენოთ. ამ კანონისა და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ გაირკვა, თუ საითკენ მივდივართ. ჩვენი პარტნიორები ცდილობენ ჩვენი მოსახლეობის გამოფხიზლებას. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი აქტორებიც მათ მიბაძავდნენ და არა მიტინგის დაშლის ჩემპიონატით იქნებოდნენ დაკავებულნი", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, "ქართული ოცნება" საქართველოს საფრთხეს უქმნის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანას მოუწოდებენ, რომ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უკან გაიწვიონ.

"ეს, პირველ რიგში, არის მოწოდება, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს იმ კურსს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აქვს ქართულ საზოგადოებას და რომლის ცვლილებაც გადაწყვიტა, რუსული კანონით, ივანიშვილის პარტიამ. ივანიშვილის პარტია ჩვენს სახელმწიფო უქმნის საფრთხეს. საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა. ამიტომ მეგობრების რჩევაა, რომ უკან წაიღოს რუსული კანონი საქართველოს მთავრობამ და ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს მისი მთავრობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

დღის ამბები