27 ივლისი 2024,   06:35
ვრცლად
არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ, არც - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას - შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია - დავით კაჭარავა

"ხალხის ძალის" წევრი, დავით კაჭარავა, აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა."

მისივე შეფასებით, მათი პოზიცია ეროვნულია და, ამ სიმართლით, "ბოლომდე ივლიან".

"მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება - ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით, მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ. ეს არის შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია. ჩვენ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ, არც - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის თავი გაწირა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული პოზიცია გვიჭირავს, ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. მზად ვართ, ეს გზა გავაგრძელოთ. მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვართ და ამ სიმართლით ვივლით ბოლომდე,"-აღნიშნა დავით კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებული განცხადებით, შემუშავდება სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ენტონი ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, შეიძლება აღმოჩნდეს შეუსაბამო შეერთებული შტატების ვიზების მიღების და შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. დღესვე ვიწყებ ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას, იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ".

ამავე თემაზე
დღის ამბები