დევდორაკის ხეობაში საფრთხე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოხსნილია საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალი“, სადაც დილით ევაკუაცია განხორციელდა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ხეობა უკვე დაათვალიერეს და საფრთხე შეაფასეს.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის განცხადებით, საფრთხის დონე არის მინიმალური და უკვე აღდგენილია, როგორც სატრანსპორტო მოძრაობა, ასევე საბაჟოს ფუნქციონირება.
“ყველა შესაბამისი უწყება პროტოკოლის მიხედვით, ძალიან ეფექტურად და მყისიერად ჩაერთო რეაგირებაში. ტერიტორიიდან მოხდა, როგორც ავტო ტრანსპორტის, ასევე მოქალაქეების ევაკუაცია - გაყვანა. ასევე, შესაბამისი უწყებების თანამშრომლების ევაკუაცია. მოგეხსენებათ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით, თბილისიდან ჯგუფი მყისიერად დაიძრა დარიალის ხეობაში, სადაც იმყოფებოდნენ გეოლოგები. მათ შეისწავლეს ტერიტორია, საფრთხის დონე არის მინიმალური. უკვე აღდგენილია, როგორც სატრანსპორტო მოძრაობა, ასევე საბაჟოს ფუნქციონირება“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.
შეგახსენებთ, უწყებამ, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დილით მიიღო.