27 ივლისი 2024,   03:30
ვრცლად
სამწუხაროდ, პარლამენტში ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ბოიკოტს არდადეგებისთვის იყენებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბოიკოტის გამო ოპოზიციონერი დეპუტატები გააკრიტიკა და ბოიკოტის შინაარსი და რეგლამენტით გათვალისწინებული წესები შეახსენა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ბოიკოტს არდადეგებისთვის იყენებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში, ბოიკოტის საკითხი რეგლამენტში უფრო ცალსახად იყოს გაწერილი.

"ბოიკოტი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეზარება სამსახურში სიარული და ამიტომ შეუძლია დაწეროს, რომ არ მოდის ან ვიღაც არ მოსწონს, ან ცუდ ხასიათზეა. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. მათ შორის, თავისი არსით, ეს უნდა გულისხმობდეს, ძირითად შემთხვევაში, პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც საკითხი განიხილება. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული, რომ ოპოზიცია, ძირითადად ამას არდადეგებისთვის იყენებს. ვნახოთ, ჯერჯერობით ამ პრაქტიკას მივყვებით და მომავალი მოწვევის პარლამენტში მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტში ეს უფრო ცალსახად იყოს გაწერილი და არ იყოს საფუძველი, რომ სამსახურში სიარულის გარეშე ხელფასი აიღოს ზოგიერთმა ოპოზიციონერმა წევრმა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები