28 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
დანგრეული ხიდები, დატბორილი ეზოები და სახლები, დახოცილი შინაური ცხოველები და ფრინველები - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვის

სტიქიის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონის სოფელი გედსამანიაა, კალაპოტშეცვლილმა მდინარემ მიმართულება პირდაპირ დასახლებული ტერიტორიისკენ აიღო. წყალმა გაანადგურა ყველაფერი რაც, გზად შეხვდა.

ყველაფერი ძლიერი წვიმით დაიწყო. დიდმა ნალექმა მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებსა და დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია. მდინარემ ადგილობრივების ავტომობილებიც წაიღო. დახოცილია შინაური ფრინველი და საქონელი. დატბორილია ეზოები და ბაღები.

განადგურებულია ინფრასტრუქტურაც. გზა მდინარის მიერ მოტანილი ლოდებით არის დაფარული. დანგრეულია ხიდებიც. ტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს. ზოგიერთ სახლამდე კი, ფეხით მისასვლელი გზაც არ არის.

უხვი ნალექი და მდინარის ადიდება არ უკვირთ ადგილობრივებს, თუმცა დღეს სოფლის მცხოვრებლები კურიერთან ჰყვებიან, რომ მსგავსი მასშტაბის წყალმოვარდნა გედსამანიაში არავის ახსოვს.

სტიქიის ზონაში უკვე იმყოფებოდა ხარაგაულის მერი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს რომ მოსახლეობის ზარალი აუნაზღაურდება

უკვე 20 საათზე მეტია ადგილობრივები და სამაშველო სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ერთობლივად უმკლავდებიან. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები