გადამწყვეტი წუთების ათვლა უკვე დაიწყო, რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გულისცემაც კიდევ უფრო ძლიერდება. ასეთი რამ ქართველებს ჯერ არ უნახავთ და არც გამოუცდიათ.
ახლა ყველა სუნთქვაშეკრული მორიგ სასწაულსა და თაობების ნატვრის ასრულებას ევროპული ზღაპრის გმირებისგან ელოდება. დღეს, რომელიც ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა დღესასწაულად უნდა აქციონ.
მალე ქართველი ფეხბურთელები 81 000 მაყურებლის წინაშე ააჟღერებენ ეროვნულ ჰიმნს და ისევ საფეხბურთო თავგანწირვით გააერთიანებენ ყველას, ემიგრანტებს, ევროპაში ჩასულებსა და აქ დარჩენილებს. ყველას, ვისაც ფეხბურთ უყვარს.
გერმანიაში წასვლამდე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები პოდგორიცას სტადიონიდან ტაბლოთი გაცილეს.
ისტორიული რეისი საფეხბურთო ისტორიის დამწერებით და კონტინენტის პირველობაზე წამსვლელებით ასე გამოიყურება. ფოტო გამოქვეყნდა წარწერით - “წავედით გერმანიაში, შევხვდებით ევროპის ჩემპიონატზე!“ ამ წუთიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები დანიშნულების ადგილისკენ მიემგზავრებიან, გზად, ციდან, განსაკუთრებული რეისის მგზავრებს ხომალდის მეთაური მიმართავს.
ასე გამოჩნდნენ “ჯვაროსნები“ ევროპაში. გერმანული სტუმარ-მასპინძლობა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა სასტუმროში შესვლისთანავე გამოცადეს. საფეხბურთო ზღაპრის გმირებს იქაც ღირსეულად დახვდნენ, სტუმრებმაც მასპინძლებს მასპინძლობა დაუფასეს და მოუწონეს.
ევროპის ჩემპიონატზე საგანგებო მისიით ჩასულმა ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის პატარა ქალაქ ფელბერტში, MS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე დაიდეს ბინა. გუნდში პირველივე წუთიდანვე კარგი განწყობაა.
სასტუმროში მეგზურობას ქართველი ფეხბურთელები გვიწევენ, აქტიურობს ბუდუ ზივზივაძე. სახელგანთქმული ქართველების განსაკუთრებული მასპინძლობით გერმანიაში.
ქვეყნიდან შორს მყოფ მამას შვილი საქართველოდანაც ამხნევებს, თუმცა ბურთის გაგორება ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც ახსენებს.
გერმანიაში ჩასულ ხვიჩა კვარაცხელიას, არც ადგილობრივი და ჩასული ქომაგები ივიწყებენ. ავტოგრაფებს ისიც უხვად არიგებს.
ევროპის კონტინენტზე საფეხბურთო წამმზომი ჩართულია. ისტორიულ თამაშამდე დრო კიდევ უფრო ცოტა რჩება, თუმცა გერმანიაში ჩასულ ფეხბურთელებს იქამდე საპატიო მისია აქვთ - ფოტოსესია EURO 2024-თვის, რომელიც მათთვის საკმაოდ სახალისოც აღმოჩნდა.
გადასაღები მოედნიდან ქართველი ფეხბურთელები ისევ ბურთსა და მინდორს უბრუნდებიან და საჩვენებელ ვარჯიშზე გადიან. ევროპული ტრიბუნიდან ქართველი მაყურებელი რჩეულებს ტაშს უკრავს, ამხნევებს და უსაზღვრო ემოციით აძლიერებს . აქ, ამ ტრიბუნებზე, ამდენი ქართული დროშა ისე ფრიალებს, როგორც არასდროს.
თამაშის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქომაგებს უბრუნდებიან, ამჯერად მათთან ერთად იღებენ ფოტოებს და გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ურიგებენ.
რა ხდებოდა საჩვენებელი თამაშის დაწყებამდე, ამას ნიკა კვეკვესკირისგან ვიგებთ. ამბავს იმის შესახებ როგორ ემზადებიან ქართველები ევროპული ტურნირისთვის, ვინ სად და როგორ ვარჯიშობს. ფეხბურთელების დღე დატვირთულია, მათ შორის ინტერვიუებითაც, თუმცა ჟურნალისტის ფუნქციას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავადაც ირგებენ. არც თუ ისე ურიგო.
ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გვაცნობს იმ ადამიანების დამსახურებასაც, რომლებიც ნაკრებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან.
ვარჯიშამდე იყო ფეხბურთელების შეხვედრა პრემიერთან და თბილისის მერთან. ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიაში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ.
ისტორია შემოინახავს ამბავსაც, როცა ერთმა კურიერმა თვისი მოპედით ევროპა შემოიარა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეროვნული დროშა ჩაუტანა.
ახლა მთელი ქვეყანა მეტოქესთან ევროპაში პირველი თამაშის დაწყების პირველ წუთებს ელოდება. პირველები თურქები იქნებიან, ვისაც ევროპულ მოედანზე ქართველები შეებრძოლებიან. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მათთვის ისტორიული ტურნირში თავგანწირვისთვის მზად არიან.
ისტორია საფეხბურთო ზაფხულის ამ თარიღსაც შემოინახავს და თაობებს ერთად დგომის ამბავს მოუყვება. ჩვენთვის ევროპის ისტორიულ ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებს ახალი საფეხბურთო ჰიმნითაც გაამხნევებენ. ის უკვე შეაფსეს ჩვენმა ფეხბურთელებმა.
გერმანია ევროპის ჩემპიონატს უკვე მესამედ მასპინძლობს. ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა კი საკუთარი ფეხბურთელები ევროპულ მინდორზე სათამაშოდ პირველად გააცილა, დიდი ემოციებით და იმ მოლოდინით, რომ ქართველი “ჯვაროსნები“ ისტორიას დაწერენ და ახალ სიტყვას იტყვიან ფეხბურთის ევროპულ თავგადასავალში.
ავტორი: ზურა ნერგაძე