23 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
"მივედი, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, გამოვიდა, რომ დამამახინჯა" - პლასტიკური ქირურგიის კიდევ ერთი მსხვერპლი - როგორ ჩაატარა ქირურგმა პლასტიკური ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე

შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე ჩატარებული ოპერაციის უმძიმესი შედეგი - პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი "პრაიმ ჰაუსის" მონაწილე, სალომე კაპანაძეა. ოპერაციიდან მალევე მას ნაკერები გაეხსნა და მდგომარეობა გართულდა. საჭირო გახდა განმეორებითი ჩარევაც, მაგრამ პროცესი კვლავ გართულებებით წარიმართა.

"პირველად ვსაუბრობ ასე ღიად, მივედი იმისთვის, რომ წამოვსულიყავი უფრო ლამაზი და, რეალურად, დამამახინჯა. თითქოს ვიყავი საცდელი ვირთხა. როგორ აღვწერო ჩემი მდგომარეობა - ფაქტობრივად, 5 თვე კომაში ვიყავი და გამოვედი. გამოვიდა, რომ მეორე ოპერაცია ტყუილად გავიკეთე, ისევ გამეხსნა ეს ნაკერები. ასე მოკლე პერიოდში ორჯერ ნარკოზი, ფსიქოლოგიურად განადგურებული, იმუნიტეტი დამიქვეითდა. ამდენი ანტიბიოტიკი, მერე ანტიდეპრესანტები. ეს იყო ექსპერიმენტი - სხვადასხვა ხერხი ვცადეთ, რომ შეგვეხორცებინა, ნახევარი მკერდი მქონდა გახსნილი. დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებდი, ვერ ვბანაობდი. ლიმფა, სისხლი გამოდიოდა და კიდევ უფრო იხსნებოდა ჭრილობა და ის მეუბნებოდა, რომ ეს ნორმალური იყო," - ამბობს სალომე კაპანაძე.

სალომე კაპანაძე წარუმატებელი ოპერაციის შესახებ 6 თვის განმავლობაში დუმდა.

"მიუხედავად იმისა, რომ თავად მთხოვდა ეს ამბავი არავისთვის მეთქვა, მომხედავდა და თუ დამჭირდებოდა თანხასაც ამინაზღაურებდა. მოვთხოვე ოპერაციის თანხა. ჩამირიცხა, შემდეგ როდესაც ვისაუბრეთ მორალურ ზარალზე, დამირეკეს პოლიციიდან რომ მიჩიოდა. მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ თავად მაიძულა," - ამბობს კაპანაძე.

პლასტიკური ქირურგი, რომელსაც საკუთარი სილამაზე ანდო, ზურაბ კეკელიაა. ექიმი ოპერაციის შემდგომ გართულებას არ უარყოფს, თუმცა, საბოლოო შედეგით კმაყოფილია.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შემდგომ გართულებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, მან სხვა ქირურგთან განმეორებითი ოპერაციის საფასური აანაზღაურა, თუმცა, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთანავე, პაციენტს გამოძალვისთვის უჩივლა.

იყო თუ არა გამოძალვის მცდელობა, ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მანამდე "კურიერი P.S.-მა" ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ექიმი ზურაბ კეკელია არ ფლობს შესაბამის სერტიფიკატს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით.

დოკუმენტის მიღების შემდეგ, ზურაბ კეკელიას, კიდევ ერთხელ, ტელეფონით დავუკავშირდით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიუხედავად ამტკიცებს, რომ, პლასტიკური ოპერაციების ჩასატარებლად, აუცილებელი ლიცენზია აქვს.

"რუსთავი 2-ის" წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამინისტრომ. ახლა უწყებამ უნდა დაადგინოს, რა დარღვევებით აწარმოებდა კეკელია საექიმო საქმიანობას.

დღის ამბები