23 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
"ყველას ვთხოვ, დაკვირვებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას" - გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდების ეროვნული ცენტრი, აბიტურიენტებს მოუწოდებს, დროულად გამოცხადდნენ ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილზე, თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

გარდა ამისა, ცენტრში შესვლისთანავე, აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ თან არსებული ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი, რომელიც არ არის დაშვებული საგამოცდო სივრცეში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, გელა გელაძის განცხადებით, ყველა საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია, რათა საგამოცდო პროცესმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიაროს.

"სრულ მზადყოფნაშია ყველა საგამოცდო ცენტრი. სამინისტრო ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ გამოცდები კომფორტულ გარემოში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართოს", - განაცხადა გელა გელაძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნინო წერეთელი აბიტურიენტებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ ინფორმაციას, რომელიც საგამოცდო ბარათზეა დატანილი.

"3 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. ყველას ვთხოვ, კიდევ ერთხელ, დაკვირვებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რეგისტრაციის დაწყების საათსა და საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს ადგილზე, გამოცდის რეგისტრაციის დაწყების დროს", - განაცხადა ნინო წერეთელმა.

დღის ამბები