29 სექტემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ნიგერის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ - სავარაუდოდ, გაქცეულთა შორის ტერორისტებიც არიან

ნიგერში, არასტაბილურ რეგიონ ტილაბერში მდებარე ციხიდან, სადაც ჯიჰადისტები იხდიდნენ სასჯელს, პატიმრები გაიქცნენ - ნიგერის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა. ინციდენტი კუტუკალეს ციხეში მოხდა, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 50 კმ-ში მდებარეობს.

ნიგერის შს სამინისტრომ არ დააკონკრეტა, თუ რამდენმა პატიმარმა მოახერხა ციხიდან გაქცევა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათ შორის არიან ისლამისტი მებრძოლები, რომლებიც დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან - როგორც "ალ-ქაიდასთან", ასევე -  "ისლამურ სახელმწიფოსთან".

ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათი ვრცელდება გადაადგილების ყველა ფორმაზე - როგორც ქვეითებზე, ისე - ავტომობილებსა და ველოსიპედებზე.

ციხიდან, რომელსაც მკაცრად იცავენ, 2016 და 2019 წლებშიც იყო გაქცევის მცდელობები, თუმცა მაშინ პატიმრებმა შენობის დატოვება ვერ შეძლეს.

 წყარო: BBC

დღის ამბები