06 სექტემბერი 2024,   04:23
ვრცლად
საარჩევნო კამპანია აშშ-ში - დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე ოფიციალურად გახდა, ბაიდენს კი დემოკრატები კანდიდატურის მოხსნას ურჩევენ

დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი უკვე ოფიციალურად გახდა. ქალაქ მილუოკიში ექსპრეზიდენტი მხარდამჭერების წინაშე, თავდასხმის შემდეგ პირველად გამოვიდა და 93 წუთიანი სიტყვა წარმოთქვა. ხანგრძლივი გამოსვლა ტრამპმა პენსილვანიაში მასზე განხორციელებული თავდასხმის გახსენებით დაიწყო და თქვა, რომ ღმერთი მის მხარესაა.

ექსპრეზიდენტის სიტყვაში ძირითადი აქცენტები საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკასა და მიგრაციას ეხებოდა. გამოსვლაზე, რომელიც მხარდამჭერების ოვაციებისა და ცრემლების ფონზე გაგრძელდა, ტრამპმა ყურადღება ერის ერთიანობაზე გაამახვილა და თქვა, რომ ის იქნება ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. შტატების 45-ე პრეზიდენტმა, ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა, რომ მათ სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე დააყენეს. ტრამპი ამომრჩეველს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პროდუქციის ფასების რეგულირებას დაჰპირდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაზეც ტრამპმა ყურადღება გაამახვილა - მიგრაციის პრობლემები იყო. ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ხელმეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკის ისტორიაში მიგრანტების დეპორტაციის უდიდეს ოპერაციას ჩაატარებს. ტრამპის განმარტებით, მასშტაბური დეპორტაცია იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ეს პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დროს განხორციელდა. 1954 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა შტატების ტერიტორია თითქმის მილიონ ნახევარ იმიგრანტს დაატოვებინა.

პარტიის ყრილობისთვის ემზადებიან დემოკრატებიც. შეხვედრა აგვისტოში ჩიკაგოში გაიმართება, რომელზეც ოფიციალურად დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კენჭისყრას მეორე ვადით გეგმავს, თუმცა ბოლო კვირებია ერთმანეთის მიყოლებით კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ დემოკრატები მოქმედ პრეზიდენტს. მათ შორის იყო წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, სენატორი ჩაკ შუმერი და თავად ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც. მან პრეზიდენტს ურჩია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს.

ამერიკელ დემოკრატებში, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბაიდენს ტრამპთან წარუმატებელი დებატები ჰქონდა. დემოკრატები შიშობენ, რომ ბაიდენი თავისი მდგომარეობის გამო, ტრამპთან ბრძოლას ვერ შეძლებს. გამარჯვების შემთხვევაში კი, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა მოქმედ პრეზიდენტს გაუჭირდება.

თავად ჯო ბაიდენი, კანდიდატურის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით, დემოკრატები ვარაუდობენ, რომ ბაიდენმა შესაძლოა თავისი კანდიდატურა კვირის ბოლოს მოხსნას.

დღის ამბები