16 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ემხრობიან თუ არა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ოპოზიციური პარტიები - რას ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები

სახელისუფლებო გუნდი, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას ადანაშაულებს, ვინ, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ოპონენტები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ხელოვნური ბოიკოტის გზით ცდილობენ, პასუხისმგებლობას თავი აარიდონ. 

ემხრობიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ოპოზიციური პარტიები- შეკითხვა არაერთი მცდელობის მიუხედავად უპასუხოდ დარჩა. ბოიკოტში მყოფი პარტიების ნაწილმა, მათ შორის "ლელომ" განმარტებების გაკეთება არ ისურვა. "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორი კი მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ცვლილებები "ქართული ოცნების" საარჩევნო მიზნებს უკავშირდება.

პირდაპირი პასუხის გაცემა უჭირს ადრესატების იმ ნაწილსაც, ვინც კენჭისყრის დროს დარბაზში იმყოფებოდა. მათ შორის ერთი "გირჩია"- ერთადერთი პარტია, რომელიც განხილვებშიც ჩაერთო. განსხვავებით გახარიას გუნდისგან, სადაც ერთის მხრივ ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი სახის პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან, მეორეს მხრივ კი ვერ ხსნიან, რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც საკანონმდებლო პაკეტი მხარდაჭერის გარეშე დატოვეს.

დასახელებული არგუმენტები მიუღებელია მმართველი პარტიისთვის, სადაც ოპოზიციას ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. პარტიებს, ვინც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა, "ქართული ოცნებიდან" კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

სახელისუფლებო გუნდს, საკანონმდებლო ცვლილებების სრულად გადახედვისკენ მოუწოდებს ევროკავშირი, რომელიც გმობს და ნაჩქარევად მიიჩნევს საკანონმდებლო პაკეტის, მეორე მოსმენით მიღებას. უმაღლესი წარმომადგენლის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებას დღეს მმართველი პარტიიდან უპასუხეს.

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს "ქართული ოცნება", მესამე მოსმენით 17 სექტემბერს მიიღებს. საკანონმდებლო პაკეტი სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს, ზღუდავს ლგბტ პროპაგანდას და იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

 

 

დღის ამბები