06 სექტემბერი 2024,   04:13
ვრცლად
ვისწრაფვით ჩვენი პლატფორმის უფრო მეტად გაძლიერებისა და გაფართოებისკენ - პეტრე ცისკარიშვილი

ოპოზიციის გეგმები და სამი თვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე - მმართველი გუნდის ოპონენტები წინასაარჩევნო კონფიგურაციაზე მუშაობას განაგრძობენ, გამოკვეთილია გარკვეული კონტურებიც.

პოლიტიკურ ველზე უკვე გამოჩნდა სამი ახალი ალიანსი. ოპოზიციის ნაწილი გაერთიანების მომხრეა, ნაწილი - წინააღმდეგი.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მიზანი და სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და გაფართოვდეს მათი პლატფორმა ”ერთიანობა".

"ზოგადად, ჩვენ ვემხრობით, მხარს ვუჭერთ ერთიანობას. გაერთიანება, გამსხვილება, გაძლიერება მხოლოდ ხელს აძლევს ქართველი ხალხის ნებას, რომ აღსრულდეს ის 26 ოქტომბერს და დამარცხდეს რუსული რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა გახვია შარში. ძალა ერთობაშია, ჩვენ ამის გვჯერა და გვწამს, რომ შევძლებთ მიზნის მიღწევას. კონფიგურაციებთან დაკავშირებით, მგონი, წინასწარ საუბარი ცოტა რთულია ხოლმე და არც არის კორექტული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისწრაფვით იქით, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და გაფართოვდეს ჩვენი პლატფორმა,“ - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივნის, ლანა გალდავას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ინდივიდებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

"გამარჯვების ფორმულა არ არის ერთიანი სია, გამარჯვების ფორმულა არის რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის არსებობა იმისთვის, რომ არჩევნებზე მომავალ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება და არცერთი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს. "ლელო" არის ერთ-ერთი ცენტრი გაერთიანებების. ჩვენ შემოგვიერთდა პოლიტიკური მოძრაობა, ამავდროულად - პოლიტიკური პარტია. ახლაც ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ინდივიდებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. თქვენ კიდევ ნახავთ "ლელოს" გაფართოებას,“ - ამბობს ლანა გალდავა.

დღის ამბები