06 სექტემბერი 2024,   10:26
ვრცლად
გრიფით საიდუმლო საქმე - სუს-მა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ადამიანი დაიბარა

გრიფით საიდუმლო საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ადამიანი, ნადიმ ხმალაძე დაიბარა. ამის შესახებ ხმალაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

გამოძიებას კითხვები უკვე 3 პირთან აქვს. ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ჭიღლაძე, უკვე წარსდგა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამავე საქმეზე, სუს-ში დაბარებულია ვაჟა ცეცაძეც. სავარაუდოდ, ისიც შეთქმულებისა და ტერორიზმის საქმეზე გამოიკითხება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით არის აღძრული, თუმცა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხული უკრაინაში მებრძოლი ქართველი და მისი ადვოკატი ტერორიზმის მუხლს საერთოდ არ ახსენებდნენ და მხოლოდ 315-ე მუხლზე საუბრობენ, რომელიც შეთქმულებას ან ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას გულისხმობს.

"კურიერს" კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ საქმე 315-ის გარდა, 18-323-ითაც არის აღძრული, რაც ტერორიზმის მომზადებას ეხება.

იმის გამო, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა, უწყება სხვა დეტალებს, ამ ეტაპზე, არ ასაჯაროებს.

დღის ამბები