06 სექტემბერი 2024,   10:10
ვრცლად
აღმოსავლეთ ევროპა ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის - ბულგარეთში და ჩრდილოეთ მაკედონიაში მთავრობებმა საგანგებო ზომები მიიღეს

ბულგარეთი ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვის, ცეცხლის კერები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში გაჩნდა. სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, სვილენგრადის რეგიონში, ხანძარმა ათასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ცეცხლი ორი ქალაქის - სტარა ზაგორას და იამბოლის მიმართულებით ვრცელდება. მთავრობამ საგანგებო სიტუაციის წითელი ნიშნული აამოქმედა. ასობით მეხანძრე ცდილობს, ცეცხლი ქალაქებამდე არ მიუშვას.

სტიქიური უბედურებისგან თავდასაღწევად, ბულგარეთმა, დასახმარებლად, ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს მიმართა. ქვეყანაში ბლოკირებულია ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალები. ხანძარმა საკომუნიკაციო სისტემები გაანადგურა, რის გამოც რამდენიმე რეგიონში ინტერნეტსა და მობილურ კავშირზე წვდომა შეიზღუდა. გადამწვარია ათობით საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შეიარაღებული ძალების საჯარისო ნაწილები და ავიაცია. 

საგანგებო მდგომარეობაა მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც, ხანძრის ჩასაქრობად, სპეცტექნიკა ხორვატიიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან და სერბეთიდანაა მობილიზებული. ქვეყანამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა და სპეციალური პროტოკოლის ამოქმედება მოსთხოვა. მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას, მთაგორიან რელიეფზე, 20 სხვადასხვა ლოკაციაზე ცდილობენ.

ბალკანებზე ტყის ხანძრებს ანომალიური ტემპერატურა იწვევს. ევროპის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსზე მეტი ფიქსირდება. კონტინენტის 8 ქვეყანაში, უპრეცედენტო სიცხის გამო, საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული. სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. სპეციალისტების მონაცემებით, კლიმატის ცვლილებას გლობალური დათბობა იწვევს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

 

დღის ამბები