16 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
ეს არის რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ - თინა ბოკუჩავა სუს-ის განცხადებაზე

ოპოზიციურ პარტიების ლიდერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც უწყება ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა მზადდებოდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება რუსული სტილის პროპაგანდაა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ.

"აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის მაღალჩინოსნებისა და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება. ეს არის მუდმივი კონსპირაცია, დეზინფორმაცია, რუსული სტილის პროპაგანდა, რასაც დასავლელი პარტნიორები ჰიბრიდულ ომს უწოდებენ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, თავიდანვე, "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა ამ საქმის პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენება იყო.

აქუბარდიას თქმით, მაშინ, როდესაც აქცენტი კეთდება უკრაინაში მებრძოლ პირებზე, ეს არის თავდასხმა უკრაინაზე, თითქოს, ისინი გეგმავენ საქართველოში ტერორისტული აქტების მომზადებას.

"მაშინ, როდესაც საქმეს გრიფი "საიდუმლო" ედო და გაუთქმელობაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი იმ პირებს, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, "ოცნების" კითხვა - აქამდე რატომ არ ამბობდნენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ პროპაგანდისტულად უნდოდათ ამ საქმის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ გაუთქმელობის პრინციპი არსებობდა.

იმ ქართველებზე, რომლებზეც არის საუბარი, მსახურობენ უკრაინის ჯარში თუ სახელმწიფო ინსტიტუტებში, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა არის უკრაინაზე, რომ უკრაინა აწყობს საქართველოში ტერორისტულ აქტებს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები